ჯიხვი

 

\"\" ჯიხვი დიდი ზომის თხაა. ცნობილია ჯიხვის ორი სახეობა: დასავლეთ კავკასიური და აღმოსავლეთ კავკასიური. იგი მხოლოდ კავკასიონის ქედზე, მაღალ მთაში ცხოვრობს და მსგავსი ჯიში მსოფლიოში არსად გვხვდება. იგი ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ კავკასიის, რუსეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. საქართველოში მხოლოდ კახეთში, სვანეთისა და აფხაზეთის მთებზე ბინადრობს.

ჯიხვი ძნელად მისადგომ, მაღალ კლდეებში ცხოვრობს. იგი საკმაოდ მარდი და ფრთხილი ცხოველია. რის გამოც მასზე ნადირობა მხოლოდ გამოცდილ მონადირეებს შეუძლიათ.

ჯიხვი ლამაზი და მოხდენილი ცხოველია, გრძელი დაგრეხილი რქებითა და ლამაზი აგებულებით. მდედრ ჯიხვს შედარებით პატარა ზომის და უფრო წვრილი რქები აქვს, მამრების დიდი დახვეული რქები თითქმის ერთ მეტრს აღწევს.

\"\" ჯიხვის სხეულის სიგრძე საშუალოდ 130-150 სმ-ია, სიმაღლე - 79-98 სმ, წონა - 55-100 კგ. მდედრები შედარებით მცირე ტანისები არიან და მათი საშუალო წონა შეადგენს 45-55კგ-ს.

\"\" ჯიხვი ზამთრობით ძირითადად ტყეში ბინადრობს და ფოთლებით იკვებება. საკვების მოსაპოვებლად ჯიხვი საშუალოდ დღეში 15-20 კილომეტრს გადის. უფრო მეტად ჯიხვები 10-12 ინდივიდისგან შექმნილ ჯგუფებს ქმნიან.

მდედრი ჯიხვი ძირითადად ერთ ან იშვიათად ორ ნაშიერს შობს, რომელიც დაბადებიდან ერთ დღეში კლდეზე ცოცვას სწავლობს და ერთ თვეში ბალახის ჭამას იწყებს, თუმცა პირველი სამი თვის განმავლობაში რძითაც იკვებება.

\"\"

კავკასიური ჯიხვის რაოდენობა თანდათანობით მცირდება, რის გამოც ის წითელ წიგნშია შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია.