ზებრა
ზებრა ძალიან ლამაზი, ცხენის მსგავსი ცხოველია. მისი ტანი აჭრელებულია თეთრ და შავ ფერებში. ზებრების სამშობლო აფრიკაა. ადრე ისინი მთელ აფრიკაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ჩრდილოეთ აფრიკაში დღეს ზებრები აღარ არიან, ისინი გადაშენდნენ.
ზებრა ცხენს იმიტომ ჰგავს, რომ ერთი ოჯახიდან მოდიან და ერთმანეთს ენათესავებიან. ცხენის მსგავსად, ზებრაც ბალახს ჭამს. ის მტაცებელი ცხოველი არ არის. ადამიანსაც არაფერს უშავებს, უწყინარი ცხოველია.
ზებრების მოთვინიერება ძალიან რთულია. ისინი ზოოპარკებში ადვილად მრავლდებიან, მაგრამ მწვრთნელებს დიდი ხანი სჭირდებათ მოსათვინიერებლად.
ზებრის ოთხი სახეობა არსებობს: მთის ზებრა, ბურჩელის ზებრა, გრევის ზებრა და კვაგა.
ბურჩელის ზებრა - ამ ზებრის შეფერილობა სხვადასხვაა, მისი ფერი იცვლება სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. მის ზოლებს ხან მოწითალო, ხანაც ყავისფერი ფერი აქვს.
კვაგა - კვაგა დღეს უკვე აღარ არსებობს... ბურჩელის ზებრის მსგავსი იყო, თუმცა მისი ზოლები ძალიან თავისე–
ბური იყო: მას მხოლოდ თავზე და კისერზე ჰქონდა ზოლები.
მთის ზებრა - მთის ზებრას ფართო ზოლები აქვს. ზურგზე კი მისი ზოლები ისეა განლაგებული, თითქოს გისოსია.
გრევის ზებრა - გრევის ზებრას აქვს ვიწრო და ერთმანეთთან ახლო-ახლო მდებარე ზოლები. მისი მუცელი კი მთლიანად თეთრია.
გარდა ამ სახეობებისა, ზებრის კიდევ ბევრი ჯიში არსებობდა, მაგრამ ისინი იმდენად ადრე გადაშენდნენ, რომ მათ შესახებ არაფერი ვიცით. ადამიანი დღესაც ძალიან ემტერება ზებრებს მისი ლამაზი ტყავის გამო. ზებრებზე ნადირობენ აფრიკის ზოგიერთ რეგიონში. თუმცა, მისი მოკვლა ძირითადად აკრძალეს.
ზებრას არ უყვარს მარტო ცხოვრება. ის ჯოგთან ერთად დადის საძოვრად, სასეირნოდ. ზებრები ხშირ ტყეებში არ დადიან, ისინი უფრო ბუჩქნარებსა და მინდვრებში ბინადრობენ. ადამიანების გარდა, ზებრებს ცხოველებიც ემტერებიან. ისინი ერთად იცავენ თავს მტრისგან. ამაში ძალიან ეხმარებათ თავიანთი ჭრელი ზოლები. თურმე მტაცებელს ძალიან უჭირს ამ ზოლებით მოძრავი ცხოველის გარჩევა და ხელში ჩაგდება. ზებრები ზოლებით ერთმანეთსაც ცნობენ, რადგან მათი ზოლები ყოველთვის განსხვავებულია.
ზებრებს კარგად განვითარებული მხედველობა, ყნოსვა და სმენა აქვთ. მათ ფერების გარჩევაც კი შეუძლიათ, რაც ძალიან ეხმარებათ, თავდასხმა წინასწარ იგრძნონ.
დედალი და მამალი ზებრები ერთად ცხოვრობენ. პატარა ზებრებზე ძირითადად დედები ზრუნავენ, 5-6 წლის ზებრა უკვე ზრდასრული ხდება და ჯოგს ტოვებს, სხვა ჯოგში გადადის.
ზებრის მოშინაურება ადამიანმა ბევრჯერ სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ის ისევ გარეულ ცხოველად დარჩა და თავისუფლად ცხოვრება არჩია.