ლახტი

ლახტის თამაში

ლახტი ძალიან საინტერესო ქართული, ხალხური თამაშია, რომელიც დღეს თითქმის დავიწყებას მიეცა. წინათ კი ლახტი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ლახტით თამაშის წესები ძალიან ჰგავს ციხე-სიმაგრისათვის ბრძოლის სცენას. ციხეს დამცველი სჭირდება. მას ამავე დროს თავდამსხმელიც ჰყავს. ასევეა ლახტშიც. წრეში მდგარი მოთამაშეები „დამცველები“ არიან, გარეთ მყოფები კი – „თავდამსხმელები.“ წრე შემოხაზულია ზოლით. მის შიგნით მყოფ მოთამაშეებს ფეხებთან უდევთ ქამრები. ქამრის წვერი მოთამაშის ფეხს ეხება, ბალთა კიწრის ხაზს. გარეთ მყოფმა მოთამაშეებმა უნდა მოახერხონ, რომ ქამრები წრიდან მოიტაცონ. წრის შიგნით მდგარ მოთამაშეებს ქამრების დაცვა ევალებათ.

ლახტის თამაშს თავისებური წესები ჰქონდა: მონაწილე 12 წლის ასაკის 12-მდე ბიჭი უნდა ყოფილიყო, რომლებსაც იმდენი  ქამრის დაცვა ევალებოდათ, რამდენი წყვილი მონაწილეც იყო.  ლახტის თამაშისას რბილ და ბალახიან მინდორს ირჩევდნენ, რომ ვინმე დაცემისას არ დაზიანებულიყო. თამაშის წესის მიხედვით, ქამრებზე ფეხის დადგმა და ხელში დაჭერა დამცველისთვის აკრძალული იყო. თავდამსხმელები ქამრის მოტაცებას ცდილობდნენ გადარბენით, გადაგორებით, გადაწოლით და ა. შ.  მთავარი იყო, ერთი ქამარი მოეტაცათ, შემდეგ დანარჩენებს უფრო ადვილად იგდებდნენ ხელში, რადგან გატაცებული ქამრით შეეძლოთ, წვივებზე ეცემათ დამცველები და წრიდან სხვა ქამრებიც მარტივად გამოჰქონდათ. დამცველებს წრიდან გამოსვლის უფლება არ ჰქონდათ, თავდამსხმელებს კი იქ შეჭრა შეეძლოთ. დამცველებს შეეძლოთ თავდამსხმელთა მიერ გატაცებული ქამრების უკან დაბრუნებაც, თუკი მოქნეულ ქამარზე ხელს წაავლებდნენ და გამოჰგლეჯდნენ. უკან დაბრუნებულ ქამარს რგოლად აქცევდნენ და წრის შუაგულში დებდნენ. აქედან კი მისი მოტაცება ძალიან რთულდებოდა.

ლახტის მოთამაშის ბრინჯაოს ქანდაკება

ლახტი საკმაოდ სერიოზული თამაში იყო. მას ლოგიკური აზროვნება და ყურადღების მოკრება სჭირდებოდა. მოთამაშეს სწორად უნდა შეერჩია თამაშის ხერხი, რომ მოწინააღმდეგისათვის ქამარი ადვილად მოეპარა. თამაში აგრეთვე ხელს უწყობდა საერთო ფიზიკურ განვითარებას. დღეს ლახტს საქართველოში უკვე აღარ თამაშობენ. იგი დავიწყებას მიეცა და ისტორიულ თამაშად დარჩა.