ცუნამი

შესავალი

ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს ზღვისა თუ ოკეანის სანაპიროზე დასვენება და ცხოვრება. ალბათ თქვენც გიყვართ სანაპიროზე თამაში და ბანაობა. ზღვის სანაპიროები უფრო მშვიდი ადგილებია და იქ ძლიერი ტალღები მოსალოდნელი არ არის. მაგრამ არსებობს ისეთი სანაპიროებიც, სადაც ძალიან ძლიერი ტალღები მოდის წყლიდან და შემდეგ ნაპირზე გადმოდის. ეს ტალღები ძალიან საშიშია და ამ დროს იქ ყოფნაც სახიფათოა.

ყველაზე ძლიერ და საშიშ ტალღას ცუნამი ჰქვია. ეს სიტყვა მოდის იაპონური ენიდან და ქართულად სიტყვასიტყვით ნიშნავს „ნავსადგურის ტალღებს“.

ცუნამის წარმოქმნა

ცუნამიც ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორც ვულკანი ან მიწისძვრა. უფრო მეტიც, ეს ორი მოვლენა უკავშირდება ცუნამის გაჩენას.

იგი ჩნდება ოკეანის ფსკერზე მიწისძვრის ან ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ. თავიდან ცუნამის ტალღა არც ისე დიდია, მხოლოდ 2 მეტრია, მაგრამ იგი გზადაგზა იმატებს და შეიძლება მიაღწიოს 50 მეტრს ან მეტს. ცუნამის მაქსიმალური სიჩქარეა 700 კმ/სთ.

ცუნამის წარმოქმნა მიწისძვრის შედეგად

მეცნიერები ამ მოვლენას აკვირდებიან სპეციალურ ლაბორატორიებში, თუმცა მისი თავიდან არიდება არ შეუძლიათ. მაგრამ შეუძლიათ ცუნამის მიმართულების დადგენა. ამის შემდეგ იმ ადგილებიდან, სადაც მოსალოდნელია ცუნამი, ხალხი უფრო უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ.

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მეცნიერები ვერ ასწრებენ ცუნამის მიმართულების დადგენას და შემდეგ ხალხის გადარჩენას, იმიტომ, რომ იგი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ოკეანიდან გადმოდის და ნაპირებზე მყოფ ხალხს, გემებსა თუ მანქანებს ოკეანეში ჩარეცხავს ხოლმე.

ცნობილი ცუნამები

ცუნამი ძირითადად წყნარი ოკეანის ფსკერზე წარმოიშობა და ამ ოკეანესთან ახლოს მდებარე ქვეყნებს ყველაზე მეტად აზარალებს.

ძალიან ცნობილია ინდონეზიაში 1883 წელს წარმოქმნილი ცუნამი, რომელიც ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევას მოჰყვა. ამ ცუნამის შედეგად 36.000 ადამიანი დაიღუპა. სახლებსა და შინაურ პირუტყვზე მიყენებული ზარალი ცნობილი არ არის, თუმცა ის ძალიან დიდი იყო.

ასევე, ძალიან ძლიერი ცუნამი მოხდა 1992 წელს ნიკარაგუაში, ცუნამის ტალღებმა სიდიდით 15 მეტრს მიაღწია. იგი თავისი სიძლიერითაც გამოირჩეოდა და მთელი სანაპირო ზოლი დაანგრია და წყალში ჩარეცხა...

ბოლოდროინდელი ცუნამი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა, მოხდა იაპონიაში 2011 წელს. ამ ცუნამსაც წინ უსწრებდა ძლიერი მიწისძვრა. იაპონიის ცუნამმა 10 მეტრს მიაღწია.