ქართული ხალხური ცეკვა
ცეკვა მუსიკის თანხლებით შესრულებული რიტმული მოძრაობაა. იგი განსხვავებულია მუსიკის ხასიათის, სისწრაფისა და მოძრაობების მიხედვით. ცეკვები განსხვავდება მათი წარმომავლობის მიხედვითაც. მსოფლიოს ყველა მცხოვრებს თავისი ცეკვა აქვს, მათი მოფიქრებული და მათთვის საყვარელი. ქართველებსაც გვაქვს ჩვენი, მშობლიური ცეკვები. მათ ქართულ ხალხურ ცეკვებს უწოდებენ.
ცეკვის შექმნის ისტორია
ქართულ ცეკვას დიდი ხნის ისტორია აქვს.მეცნიერებმა აღმოაჩინეს უძველესი ვერცხლის ფიალა, რომელზედაც გამოსახულია ნიღბიანი მონადირეების ცეკვა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ცეკვა სვანური ნადირობის ღმერთს, დალის ეძღვნებოდა. პირველი ცეკვის ნიმუშად დღეს სწორედ სამონადირეო ცეკვა ითვლება. იგი დროთა განმავლობაში დამუშავდა, დაიხვეწა და ცეკვა ხორუმად ჩამოყალიბდა.
სამონადირეო ცეკვებზე უფრო ადრე უნდა ჩამოყალიბებულიყო ქალთა ცეკვები. ქალები ღმერთებისადმი პატივისცემას ცეკვით გამოხატავდნენ.
თანამედროვე ქართული ცეკვები
დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა სხვადასხვა ცეკვა, მათ შორის წყვილების ცეკვები, ცეკვა-თამაშობები და სხვ. დღეს ბევრი ქართული ხალხური ცეკვაა შემორჩენილი. საქართველოში არსებობენ საცეკვაო გუნდები ანუ დასები, რომლებიც ამ ცეკვებს ასრულებენ და მაყურებლებს უჩვენებენ. ისინი ხელს უწყობენ ცეკვების შენარჩუნებას, თუმცა, დროთა განმავლობაში ცეკვები ცვლილებებს მაინც განიცდიან. ამ ცვლილებებს იწვევს მოცეკვავეების ცეკვის სტილი, ხასიათი, მათი ხედვა.
საცეკვაო ილეთი მთლიანი ცეკვის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილია. ეს არის მოძრაობა, რომელსაც ყველა ადამიანი თავისებურად ასრულებს. სწორედ ილეთების შესრულების განსხვავებული სტილი იწვევს ცეკვის ხასიათის, სტილის თანდათანობით შეცვლას.
ქართული ცეკვის სხვადასხვა სახეობა არსებობს. მათ თავიანთი წარმოშობისა და განვითარების ისტორია აქვთ. ქართული ხალხური ცეკვებია: ქართული, მთიულური, დავლური, ბაღდადური, განდაგანა, სამაია, ხევსურული, კინტოური, ხანჯლური და სხვა. თითოეული ცეკვა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხასიათსა და ტრადიციებს გამოხატავს.
ყველაზე ცნობილი ცეკვა არის ქართული. ის სასიყვარულო ხასიათის ცეკვაა, რომელსაც ქალი და მამაკაცი ასრულებენ. ქალს სინაზე და სიმორცხვე ახასიათებს, ვაჟს კი - სიმტკიცე და თავდაჯერებულობა.
აგრეთვე ძალიან საინტერესო და ლამაზი ცეკვაა განდაგანა. ეს ცეკვა აჭარაში დაიბადა. მას ორნაირად ასრულებენ: ხან მხოლოდ ქალი და მამაკაცი ასრულებს, ხანაც ქალებისა და მამაკაცების გუნდი.
5
მთის ხალხისათვის დამახასიათებელი ცეკვებია: ხანჯლური, ხევსურული და მთიულური. ისინი სხეულის ენით გადმოსცემენ სიყვარულს, ვაჟკაცობასა და ქალისადმი პატივისცემას.
გარდა იმისა, რომ თითოეული ცეკვა თავისი ხასიათით განსხვავებულია, მათ აქვთ ასევე განსხვავებული გარეგნული მახასიათებლები. მაგალითად, ქართულის ცეკვის დროს მოცეკვავეებს აცვიათ სხვა საცეკვაო ფორმა, აქვთ სხვა ვარცხნილობა, ვიდრე მთიულურის ცეკვის დროს. რომელი კუთხიდანაცაა წარმოშობით ცეკვა, საცეკვაო ფორმებიც ამ კუთხის ხასიათის და ტრადიციების ამსახველია.
ბოლოსიტყვაობა
ქართული ცეკვა არა მხოლოდ ტრადიციაა, არამედ ულამაზესი სანახაობაა. ის სხეულის ენით გადასცემს მაყურებელს საქართველოს სხვადასხვა კუთხის განწყობას, მათ სითბოსა და სილამაზეს. სწორედ ამიტომაა, რომ ქართულ ცეკვას მოჯადოებული უყურებს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაყურებელი.
6