დრაკონი
შესავალი
ერთ უცნაურ ცხოველზე მინდა მოგიყვეთ. ეს ცხოველი უცნაური იმიტომ არის, რომ დანამდვილებით ვერ იტყვი, ის მართლა რეალურია თუ გამოგონილი, როგორც ზღაპრის გმირი. ცხოველია მეთქი - გეუბნებით, მაგრამ თქვენ შეიძლება ის ფრინველიც კი გეგონოთ და არც შეცდებით, რადგან ძალიან კარგად დაფრინავს. ამ ცხოველმა თუ ფრინველმა იმდენად კარგად იცის ცურვა და მიწაზე ხოხვაც, რომ ქვეწარმავალიც კი გეგონებათ.
ძალიან უცნაურია, არა? ნუ დაიბნევით, ყველაფერს თანმიმდევრობით მოგიყვებით მასზე და ბოლოს თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, ის ცხოველებს მიაკუთვნოთ, ფრინველებს თუ ქვეწარმავლებს.
დრაკონის გარეგნობა
ამ უცნაურ არსებას დრაკონი ჰქვია. ის რეალურად არავის უნახავს, თუმცა მითები და ლეგენდები მისი არსებობის შესახებ ბევრს გვიყვებიან. დრაკონი უზარმაზარი ცხოველია და ყველა სხვა ცხოველისგან განსხვავდება. მისი სხეულის ნაწილები სხვადასხვა ცხოველის სხეულის ნაწილებია. მაგალითად, დრაკონს თავი აქლემისა აქვს, ყურები - ძროხის, რქები - ირმის, წელს ქვემოთ, უკანა ნაწილი ნიჟარას მოგაგონებთ. დრაკონს ტანზე თევზის ფარფლები აყრია, ფრთები არწივისა აქვს, თათები - ვეფხვის, თვალები კი - ეშმაკის...
აი, ასეთი უცნაური სხეულის აგებულება აქვს დრაკონს. სწორედ ამიტომ შეუძლია მას ფრენა, ცურვა, მიწაზე ხოხვა და, რაც ყველაზე მთავარია, პირიდან ცეცხლის გამოშვება.
ზოგი მითი ერთთავიანი დრაკონის შესახებ მოგვითხობს; ამ მითებში დრაკონი ზუსტად ისეთია, როგორც აქ აღვწერეთ, მაგრამ ზოგიერთ მითში დრაკონი მრავალთავიანია. ხან ოთხფეხიანი დრაკონია დახატული ძველ სურათებზე, ხანაც - ორფეხა.
ყველა ქვეყანაში დრაკონებზე სხვადასხვანაირი წარმოდგენა ჰქონდათ და ამიტომაც იყო მათი გარეგნობა ყველგან განსხვავებული.
რითაა დრაკონი ძლიერი?
როგორც უკვე გითხარით, დრაკონს ხოხვაც შეუძლია, ცურვაც და ფრენაც, მაგრამყველა სხვა ცხოველისგან განსხვავებით, მას ცეცხლის ამოფრქვევა შეუძლია. ცეცხლს პირიდან უშვებს. თურმე დრაკონის საყლაპავი მილი ძალიან გრძელი ყოფილა და ცეცხლის გამოშვების დროს ფართოვდება, ეს მას საშუალებას აძლევს, ძლიერი ცეცხლი გამოაფრქვიოს და ყველაფერი გადაწვას. ცეცხლით დრაკონი თავს იცავს და მტერს იგერიებს. თვითონ კი ცეცხლი ვერაფერს უშავებს.
დრაკონი ზღაპრებსა და მითებში
დრაკონი ზღაპრებსა და მითებში გამოყვანილია, როგორც დაუმარცხებელი, ძლევამოსილი ურჩხული. მისი ყველას ეშინია. ზღაპრებში დრაკონი ძალიან ბოროტია და ყველაფერს ანადგურებს და წვავს, ის ადამიანებსაც კი ჭამს. დრაკონი დიდი განძის მფლობელია ხოლმე. ის განძს ხალხს ართმევს და ითვისებს. მერე კი ამ განძს სხვები ახლოსაც ვეღარ ეკარებიან მისი შიშით. დრაკონის დამმარცხებლად ზღაპრებსა და მითებში ყოველთვის ერთი ჩვეულებრივი კაცი ჩნდება. ის ხდება ამ ზღაპრის გმირი, რადგან ამარცხებს დრაკონს. როგორ უნდა მოერიოს ჩვეულებრივი ადამიანი ასეთ ძლიერ ცხოველს? მე ვფიქრობ, ის მოხერხებით და ჭკუით სჯობნის მას და საბოლოოდ კლავს კიდეც. დრაკონის განძი ზღაპრის ბოლოს ხალხს რჩება.
დრაკონი და რელიგია
დრაკონი ისლამურ და ქრისტიანულ რელიგიაში ბოროტ ურჩხულად არის გამოყვანილი, რომელიც, ამავე დროს, უწმინდურია - ხალხს მისი ეშინია. რელიგიურად დრაკონს ყოველთვის ღმერთის რჩეული ამარცხებს, ასეთ რჩეულს წმინდანს ეძახიან. წმინდანი დრაკონზე ძლიერია, რადგან მას ღვთის ძალა ეხმარება. დრაკონს ამარცხებს და ხალხს მისი შიშისგან ათავისუფლებს. რელიგიაში დრაკონს განძი არ აქვს. ის უფრო მეტად ისეთ რაიმეს ფლობს, რაც ხალხს ცხოვრებისთვის, არსებობისთვის სჭირდება. მაგალითად, დრაკონი ცხოვრობს წყალთან და ხალხს ახლოს მისვლის უფლებას არ აძლევს.
ხალხი წყურვილით დაიხრჩობა, თუკი მათ არავინ უშველის. სწორედ ასეთი მშველელი არის ის წმინდა ადამიანი, რომელიც დრაკონს კლავს, წყალს ათავისუფლებს და ხალხს აძლევს.
დრაკონი და ჰოროსკოპი
დრაკონი ჰოროსკოპშიც გვხვდება. ჰოროსკოპი ზოგ ადამიანს ძალიან უყვარს და სჯერა კიდეც მისი. ეს არის წინასწარმეტყველება ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით. ყველა ადამიანს აქვს თავისი ჰოროსკოპის ნიშანი. ერთ-ერთი ნიშანია დრაკონიც. მაგალითად, ადამიანი შეიძლება იყოს დრაკონის წელში დაბადებული, ვირთხის წელში და ა.შ.
ამბობენ, დრაკონის ხასიათი ძალიან მოქმედებს იმ ადამიანზე, რომელიც დრაკონის წელშია დაბადებულიო. ჰოროსკოპის მიხედვით, დრაკონი ბოროტი სულაც არ არის. ის, უბრალოდ, ძალიან ძლიერი ცხოველია, რომელიც ყველას სჯობნის. ჰოროსკოპი გვეუბნება, რომ დრაკონს სითბო და სიყვარული უნდა, ფულიც უყვარს და ხელგაშლილობაც. მაგრამ დრაკონი ძალიან ფეთქებადია და თუ გაბრაზდა, ყველაფერს ანადგურებს. ამიტომ მისი გაბრაზება არ შეიძლება.
ბოლოსიტყვაობა
როგორც ვნახეთ, დრაკონი სხვადასხვა ზღაპარსა და მითში განსხვავებულია; ჰოროსკოპი მასზე უფრო კარგ ამბებს გვიყვება, ვიდრე მითები. სინამდვილეში არავინ იცის, იგი როგორია. მთავარი ერთია, დრაკონს ყველა ქვეყანაში იცნობენ, ძალიან ბევრ წიგნსა და ნახატზე გვხვდება იგი. ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან საინტერესო არსებაა.