პაგანინი


 

მე ქალაქ გენუაში 1789 წელს დავიბადე. იმ უბანს, სადაც დავიბადე, შავი კატის შესახვევს ეძახდნენ.

ჩვენ ღარიბები ვიყავით, პატარა სახლში ვცხოვრობდით და ჩემი მშობლები პატარა საკონდიტროს ბიზნესს ეწეოდნენ, სადაც გემრიელი დაბრაწული პურები და ფუშფუშა ფუნთუშები ცხვებოდა. ჩვენს მეზობლად პატარა ბიჭი ცხოვრობდა, რომელსაც ნიკოლო ერქვა. ნიკოლო ზუსტად ჩემი ტოლი იყო, იგი 1789 წელს დაიბადა პაგანინების ოჯახში. მე და ნიკოლო 6 წლის ვიყავით, როდესაც ის პირველად გავიცანი. ნიკოლო პატარა, გამხდარი, შავგვრემანი ბიჭუნა იყო, დიდი შავი თვალებით და მოზრდილი თმებით. მას ნაღვლიანი გამოხედვა ჰქონდა და ძალიან ცოტას ლაპარაკობდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მე და ნიკოლო ძალიან იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს, მე ის ძალიან მომწონდა. ჩემი აზრით, ნიკოლო ყველაზე სერიოზული და ჭკვიანი ბიჭი იყო მთელ უბანში. ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი, როდესაც გავიგე, რომ ნიკოლო ვიოლინოზე უკრავდა.

ნიკოლო ვიოლონოზე დაკვრაში მთელ დღეებს ატარებდა. ის ძალიან იშვიათად გამოდიოდა სათამაშოდ ქუჩაში, რამდენიმე წუთი გაჩერდებოდა და მაშინვე უკან, სახლში ბრუნდებოდა. პაგანინების სახლის სხვენიდან მთელი დღე ისმოდა ნიკოლოს ვიოლინოს ხმა. ბიჭი დაუღალავად მუშაობდა.

ფაქტი იყო, ნიკოლოს მეც ისევე განსაკუთრებით მოვწონდი, როგორც მე მომწონდა ის. მართალია, ძალიან იშვიათად, მაგრამ თუ ქუჩაში გამოდიოდა, ძირითადად მხოლოდ მე მელაპარაკებოდა და მეთამაშებოდა. შემდეგ კი, გულითადად დამემშვიდობებოდა და სახლისკენ გარბოდა. სახლში მას პაწაწინა, მაგრამ ძლიერხმიანი ვიოლინო ელოდებოდა. ნიკოლოს ვიოლინოს ხმა მთელ უბანში დაუღალავად ისმოდა...

ერთხელ, როდესაც ნიკოლო ქუჩაში გამოვიდა სათამაშოდ, შევამჩნიე, რომ ნამტირალევი სახე ჰქონდა. თვალები დასწითლებოდა.

- რა მოხდა, რატომ ტირი? - ვკითხე მე.

- არაფერი ისეთი, - თავი გაიქნია ნიკოლომ.

- როგორ თუ არაფერი? ნამტირალევი ხარ. არაფრისთვის ადამიანები არ ტირიან - არ ვეშვებოდი მე.

- მამა მეჩხუბა. როდესაც ბრაზობს, შეიძლება კიდევაც გამარტყას. გაბრაზებით კი მხოლოდ მაშინ ბრაზობს, თუ თვლის, რომ უგულოდ ვმეცადინეობ და სიამოვნებით არ ვუკრავ ვიოლინოზე.

 

- კი მაგრამ, შენ ხომ მთელი დღეების განმავლობაში სულ ვიოლინოზე უკრავ, როგორ შეიძლება შენზე გაბრაზება. მე ალბათ ამის ნახევარსაც ვერ გავძლებდი სახლში ჩაკეტილი. მთელი დღე რომ თოკებით დამაბან, მაინც ვერ ვიმეცადინებ მუსიკას. როგორ შეგიძლია მთელი დღე ერთი და იგივე დაუკრა? ჩემთვის შენ ნამდვილი გმირი ხარ! - ვეღარ ვჩუმდებოდი მე და იმ წუთას საშინლად გაბრაზებული ვიყავი ნიკოლო პაგანინის მამაზე, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ბეჯითი, ნიჭიერი და ჭკვიანი შვილი ჰყავდა. ის კი, ასეთ შვილს ხელით ეხებოდა.

- მე ძალიან მიყვარს ვიოლინო. როდესაც ვიოლინოზე ვუკრავ, რაზეც ვფიქრობ, ყველაფრის გადამოცემა შემიძლია. ვიოლინოს გარეშე ვერ ვიცხოვრებდი ალბათ. უბრალოდ, ხანდახან ძალიან ვიღლები, ხელები მეღლება, ტვინიც მეღლება. მამას არ ესმის, რომ ხანდახან დასვენება მჭირდება. მამას უნდა, რომ მე დიდი მევიოლინე გამოვიდე. ის დარწმუნებულია, რომ თუ შეუსვენებლად ვიმეცადინებ, თავის ოცნებას აისრულებს.

 

- რატომ გადაწყვიტა, რომ ვიოლინოზე უნდა დაუკრა?

- ეს უცნაური ამბავია. - გაეღიმა ნიკოლოს. თურმე, როცა დავიბადე, ძალიან სუსტი ბავშვი ვყოფილვარ. სულ ავად ვხდებოდი. მშობლები ფიქრობდნენ, რომ ავადმყოფობისგან მოვკვდებოდი, არ გავიზრდებოდი. ერთხელ, როცა ძალიან ავად ვიყავი, დედამ უცნაური სიზმარი ნახა; სიზმარში მასთან ანგელოზი მოვიდა, რომელმაც უთხრა, რომ მის შვილს, ნიკოლოს - ეს კი მე ვარ! - ისევ გაეღიმა ნიკოლოს, - დიდი წარმატება ელოდა წინ. ის უდიდესი მუსიკოსი გახდებოდა. დედამ რომ გაიღვიძა, ეს სიზმარი მამას მოუყვა. მამამ კი, დაიჯერა ეს სიზმარი და გადაწყვიტა, ყველა ძალა ეხმარა იმისათვის, რომ დიდი მუსიკოსი გაზრდილიყო ჩემგან...

 

- აი, თურმე რატომ გკეტავს მამა სხვენზე საათობით! - წამოვიძახე მე. ძალიან გაბრაზებული ვიყავი მამა პაგანინიზე. ძალიან მეცოდებოდა ჩემი მეგობარი.

მაშინ პატარა ვიყავი და ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი, თუმცა, მესმოდა, რომ ნიკოლო არ იყო ისეთივე ბავშვი, როგორიც მე ან სხვა უბნის ბიჭები. ის გამორჩეული იყო. მას მართლა ჰქონდა გამორჩეული მუსიკალური ნიჭი. და თანაც, მას ვიოლინო ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა ამქვეყნად.

დრო გადიოდა, ჩვენ ვიზრდებოდით. ნიკოლო სულ უფრო და უფრო იშვიათად გამოდიოდა ქუჩაში სათამაშოდ. მას არ ეცალა. საათობით მეცადინეობდა. სულ მალე კი ნიკოლომ ნამდვილ მუსიკის მასწავლებელთან დაიწყო საირული. მისი მასწავლებელი გენუაში ცნობილი და პატივცემული კომპოზიტორი და მუსიკოსი ფრანჩესკო ნიეკო გახდა.

 

1901 წელი იდგა. ნიკოლო 7 წლის გახდა. დაბადების დღეზე ბიჭუნას მშობლებმა რამდენიმე მეგობარი სახლში დაპატიჟეს საზეიმო ვახშამზე. მე გამოვიპრანჭე. მამაჩემმა კი საცხობიდან უგემრიელესი დაბრაწული ღვეზელი მოიტანა, რომელიც ნიკოლოს დაბადების დღეზე უნდა წამეღო საჩუქრად.

 

პაგანინების სხვენიდან დილიდან ისმოდა ვიოლინოს ხმა. დაბადების დღე არ იყო ის დღე, როდესაც ნიკოლოს დასვენების უფლება ჰქონდა. ეს დღე განსაკუთრებული იმით იქნებოდა, რომ საღამოს ვიოლინოზე დაკვრის მაგივრად, ნიკოლო ჩვენთან ერთად გაერთობოდა.

საღამოს ნიკოლოსთან მე და ჩემი 2 მეგობარი მივედით. ხელში დიდი ღვეზელი მეჭირა. სახლის კარი ღია დაგვხვდა. შევიხედეთ. სახლში სიჩუმე იდგა. ერთმანეთს გადავხედეთ და გადავწყვიტეთ, სახლში შევსულიყავით. მისაღებ ოთახში ტახტზე ნიკოლო იწვა. მას სახე სრულიად გათეთრებოდა. მალე მივხვდით, რომ ნიკოლო აღარ იყო ცოცხალი.

ნიკოლოს დედას ნამტირალევი სახე ჰქონდა. ჩვენ რომ დაგვინახა, ცრემლები მოადგა.

- მეცადინეობის დროს უცებ გახდა ცუდად და წაიქცა. სულ ვეუბნებოდი ანტონიოს, რომ ამდენი მეცადინეობისგან მოკვდება მეთქი. ისედაც სუსტი იყო, სულ ავადმყოფობდა... - ნიკოლოს დედა ხმამაღა ტიროდა...

ნიკოლო გარდაიცვალა. დაკრძალვის დღეს უცნაურობა მოხდა: ნიკოლო კუბოში გაინძრა! ვიღაცამ შეჰყვირა. ექიმი ჯაკომო კი ნიკოლოსთან მიიჭრა და სუნთქვა გაუსინჯა. აღმოჩნდა, რომ ნიკოლო ცოცხალი იყო. ის მალე გამოჯანმრთელდა.

 

აი, ასეთი უცნაური იყო ნიკოლო!

მალე ნიკოლოს ნიჭიერების ამბავი მთელმა ქალაქმა შეიტყო. მისთან მეცადინეობის სურვილი გამოთქვა გენიუს ორკერსტრის პირველმა მევიოლიმ - ჯაკომო კოსტამ. სულ მალე კი ნიკოლოს განათლებაზე ზრუნვა ქალაქის მდიდარმა მაცხოვრებელმა და მუსიკის მოყვარულმა მარკიზმა დი ნიგრომ აიღო.

8 წლის ნიკოლომ პირველი მუსიკალური ნაწარმოები დაწერა. პირველს მეორე მოჰყვა. კეთილი მარკიზი კი ნიკოლოს განათლებაზე ზრუნვას აგრძელებდა. ნიკოლოს ახალი მასწავლებელი ჰყავდა მუსიკაში. ნიჭიერი მასწავლებელი ნიკოლოს არა მხოლოდ ვიოლინოზე დაკვრის ოსტატობას ასწავლიდა, არამედ მუსიკალური ნაწარმოებების შექმნაშიც ეხმარებოდა.

მამა უკვე აძლევდა ნიკოლოს უფლებას, თავისუფალი დრო ჩემთან ერთად გაეტარებინა. ჩვენ ძირითადად ნიკოლოს გეგმებზე, წარმატებებზე, სურვილებზე და ოცნებებზე ვლაპარაკობდით.

იმ წელს ნიკოლომ პირველად იმოგზაურა იტალიის სხვა ქალაქებში, სადაც ის კონცერტებს მართავდა. ყველგან, სადაც კი პატარა პაგანინის უსმენდნენ, გაოცებას ვერ მალავდნენ. ნიკოლო მუსიკით ცხოვრობდა: ან მეცადინეობდა, ან კონცერტებს მართავდა.

ნიკოლოს უფრო და უფრო აღიზიანებდა მამის ზეწოლა.

- უნდა წავიდე სახლიდან! - მითხრა მან ბოლო შეხვედრის დროს. აღარ შემიძლია იმის ატანა, თუ როგორ მიბრძანებს მამაჩემი მეცადინეობას.

სულ მალე ნიკოლო მართლაც გადავიდა ქალაქ ლუკეში, სადაც მას ორკესტრში პირველი მევიოლინეს ადგილი შესთავაზეს.

 

ნიკოლოს გადასახლების შემდეგ, ცოტა ხანში მასთან სტუმრად ჩავედი. ამ დროს ნიკოლო უკვე ქალაქის ორკესტრს ხელმძღვანელობდა. მას თავდავიწყებით უყვარდა ქალბატონი დიდე, რომელსაც ულამაზეს ნაწარმოებებს უძღვნიდა.

მალე ნიკოლო გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. მის შესახებ მხოლოდ გაზეთებიდან ვიგებდი. ხანდახან ერთმანეთს წერილებს ვწერდით. მე წერილებისგან გავიგე, რომ ნიკოლო ნაპოლეონის სასახლეში მუშაობდა.

- გუშინ ახალი ნაწარმოები შევასრულე - მწერდა ნიკოლო. - ის 2 სიმზე იკვრება და ნაპოლეონის უმშვენიერეს დას -

 

ელიზას ეძღვნება. მე ვიოლინოზე შეყვარებულები ავალაპარაკე. ელიზა ტიროდა.

გაზეთებში კი პაგანინიზე უამრავ უცნაურობას წერდნენ. ერთი მღვდელი ამტკიცებდა, რომ დაინახა, დაკვრის დროს როგორ ეჯდა პაგანინის მხარზე ეშმაკი...

- ის ისე არ უკრავს, როგორც ადამიანს შეუძლია დაუკრას. ასე ადამიანები ვერ უკრავენ. მას ეშმაკი ეჯდა მხარზე, პაგანინის ეშმაკი ეხმარება! - ამტკიცებდა მღვდელი.

მე ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ, როდესაც ნიკოლო გენუაში ჩამოდიოდა. როდესაც მას კონცერტი არ ჰქონდა, საღამოობით ხშირად ვიკრიბებოდით. ნიკოლო ბევრ საინტერესო ისტორიას მიყვებოდა. ეს ის ნიკოლო იყო, რომელსაც მე ბავშვობიდან ვაღმერთებდი, რომელიც ყველაზე ნიჭიერი და მუსიკალური იყო, რომელიც ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ მასთან საუბარი ძალიან საინტერესო იყო.

ნიკოლო 51 წლის გარდაიცვალა გენუაში. ის ძალიან ავად იყო. ამ დროს მე არ ვიყავი ქალაქში...