თხა
B ბოსტნის გვერდით მიდის ბანჯგვლიანი თხა და ისე დინჯად მიაბიჯებს, თითქოს დიდი ვინმე იყოს! მიდის, გრძელს წვერს აცანცარებს, უკან გადაზნექილ რქებს იქნევს, თან ბოსტანში იხედება, თავის საყვარელ კომბოსტოს უყურებს და ნერწყვი მოსდის პირში. ცდილობს, გადახტეს ღობეზე და შეჭამოს კომბოსტო, მაგრამ მარტო არ უყვარს ჭამა, ამიტომ ხმამაღლა კიკინებს და ეძახის დედა თხებსა თიკნებს.
მაგრამ დედა თხებს მისთვის არ სცალიათ. იმათ უფრო ადრე უშოვიათ გემრიელი საჭმელი: იქვე ახლოს, ვენახში შეპარულან თავიანთი თიკნებით და ძოვენ ბალახს; დგებიან უკანა ფეხებზე და ღეჭავენ ვაზის ნორჩ ყლორტებს...
აი, თიკნები ბოლოს მოცვივდნენ თავიანთ დედებთან. რძე გამოსწოვეს ძუძუებიდან და გაძღნენ. მერე ღობეზე აცვივდნენ და რქებით ერთმანეთს დაეჭიდნენ.
ამ დროს გამოჩნდა ვენახის პატრონი, რომელმაც გაბრაზებულმა ჯოხით გამოყარა გარეთ.
არც მამალი თხა დარჩა მშიერი. გადახტა ბოსტნის ღობეზე. მიადგა კომბოსტოს. თანაც პატარა თავები არ მოინდომა! სულ დიდი თავები შეარჩია და რამდენიმე შეჭამა. ამ დროს თხა ბოსტნის პატრონმა დაინახა, აიღო ერთი დიდი ჯოხი და გაბრაზებული გამოეკიდა. მაგრამ თხა გაშტერებული კი არ დაელოდა! სწრაფად გაიქცა, ისკუპა და ღობეზე გადახტა.