თოკო ძაღლმა კინაღამ დაკბინა
დღეს თოკოს და თაკოს ოჯახში მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ბებოს დაბადების დღეა. ბებოს დაბადების დღეზე უამრავი სტუმარი მოვა. ძირითადად, დიდი ხნის უნახავ ნათესავებს ელოდებიან. მეზობლებიც აუცილებლად ესტუმრებიან და მიულოცავენ ბებოს დაბადების დღეს...
მართლაც უამრავი ნათესავი, მეზობელი და ახლობელი შეიკრიბა. ახლობლებს ერთად ყოფნა უხაროდათ. თოკო და თაკო, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში იყვნენ. ხან ერთი ნათესავი ეფერებოდათ, ხან _ მეორე. წვეულებაზე მეზობლებიც იყვნენ, მათ შორის _ მიხოც, ცხენზე რომ ასეირნებს ხოლმე თოკოს და თაკოს. მიხოს სტუმრობა ძალიან გაუხარდათ პატარებს. მიხო სულ თოკოსთან და თაკოსთან არის. ცდილობს, გაართოს ბავშვები. თოკომ და თაკომ ცოტა მოიწყინეს. დიდები აღარ აქცევენ მათ ყურადღებას: ან ღვინოს სვამენ, ან ბევრს ლაპარაკობენ ერთსა და იმავე ამბავს, ანუ უაზროდ იმეორებენ ერთსა და იმავე სიტყვებს. მობეზრდათ ბავშვებს, დაიღალნენ, მაგრამ რას იზამენ! არიან უფროსებთან ერთად და ცდილობენ, თავი თვითონაც შეიქციონ რამით. ასე დიდხანს გაგრძელდა...
წვეულების დამთავრების შემდეგ ქუჩაში ერთად გამოიშალნენ სტუმრები და მასპინძლები. საუბრით და სიმღერით გააგრძელეს გზა. სტუმრები სახლში მიდიან. მასპინძლები აცილებენ. თან არ ეთმობათ ერთმანეთი. რა კარგი იყო, ასე ერთად რამდენი ხანია, არ ვყოფილვართო, ესაუბრებიან ერთმანეთს...
თოკო და თაკო თითქოს სულაც აღარ ახსოვთ. უკან მიჰყვებიან ბავშვები უფროსებს. უცებ ერთ-ერთი ეზოდან ძაღლი გამოვარდა. ყეფით გამოეკიდა სტუმარ-მასპინძელს. ძაღლის გამოჩენამ ყველა დააბნია. უაზროდ გარბოდნენ წინ და უკან. ყველა თავს შველოდა. თაკომაც მოახერხა გაქცევა და დამალვა. თოკოც შეეცადა გაქცევას. მაგრამ შეშინებული და დაბნეული ბავშვი ძაღლს ვერ გაექცა. პირისპირ აღმოჩნდა ძაღლთან. ის იყო ძაღლი საკბენად გაიწია და მიხომ გამოგლიჯა თოკო ძაღლს. აიტაცა ხელში, შემოისვა კისერზე და ფეხებით ძაღლის მოგერიება დაიწყო. ძაღლი არ ეშვებოდა, მკერდზე ახტებოდა, ფეხებში ებლანდებოდა. ცდილობდა, მიხო წაექცია. მიხო მიხვდა, რომ ბავშვი შეიძლებოდა კისრიდან ჩამოვარდნილიყო. ჩამოსვა თოკო და ზემოდან გადაეფარა. ასე უფრო დაცული ჰყავდა თოკო. ძაღლი არ ცხრებოდა. მაინცდამაინც თოკოსკენ იწევდა. ყეფდა და აგლეჯდა ტანსაცმელს მიხოს. ბოლოს ძაღლი გაჩერდა. ერთიც შეუყეფა მიხოს. თითქოს იგრძნო, რომ მისი არ ეშინოდათ და არაფერს დაუთმობდნენ. მიტრიალდა და უკან გაბრუნდა. მიხო და თოკო მიწაზე ისხდნენ. თოკო ჩაკვროდა მიხოს მკერდში და ხელს არ უშვებდა... ამასობაში, შეშინებული სტუმრებიც და მასპინძლებიც მიესივნენ ბავშვებს. Yყველა ნერვიულობდა, რომ თავს უშველეს და ბავშვი ვერავინ შეამჩნია. ხმის ამოღება უჭირდათ. ვერ ხვდებოდნენ ეს როგორ დაემართათ. თაკოც კი ნერვიულობდა. ვერ გაეგო როგორ მიატოვა ტყუპისცალი. თუმცა, რას უშველიდა, მაგრამ მაინც...
ყველა მადლობას უხდიდა მიხოს. ნამდვილი გმირივით მოიქცა. თავი გასწირა თოკოს დასაცავად. თოკო განსაკუთრებით მადლიერი იყო და მიხოს აღარ შორდებოდა...